17 დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს - მოქმედი პრეზიდენტი ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანი მოჭიდავე ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე.
კვირკველიას მთავარი კონკურენტი სავარაუდოდ გეგეშიძე იქნება, რომელიც 4 წლის წინ გამართულ არჩევნებზე ლუკა კურტანიძესთან დამარცხდა. მის კანდიდატურას კორცხელში მომხდარი ინციდენტის გამო საპარლამენტო უმცირესობაში აპროტესტებენ.
ფიზიკურ დაპირისპირებაში, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერები ოპოზიციის წევრებს გაუსწორდნენ, სწორედ მისი ძმა, ასევე მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე მონაწილეობდა. თავად პრეზიდენტობის კანდიდატი პოლიტიკასთან მის კავშირს უარყოფს და დარწმუნებულია, რომ არჩევნებიც ზეწოლისგან თავისუფალი იქნება.
უკვე ცნობილია სია, თუ რა პრინციპით ჩატარდება არჩევნები. პარლამენტის მიერ მიღებული სპორტის ახალი კანონის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონების ორგანიზაციები მიიღებენ. ახალი კანონით არჩევნებში 3/4 იურიდიული პირი მონაწილეობს 1/4 კი სპორტსმენი.
ჭიდაობის ფედერაციის არჩევნები შაბათს, 17 დეკემბერს გაიმართება. ახალი პრეზიდენტი ორგანიზაციას 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.