06 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
აქციის მიზანია, ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ძალიან მძიმე კრიზისში შევდივართ - თამარ ჩერგოლეიშვილი

უშველე ლარს! - ამ სახელწოდების აქცია მთავრობის კანცელარიასთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. აქციის ორგანიზატორები ლარის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

„აქციის მიზანი ის არის, რომ ხელისუფლებას შევახსენოთ და ვაგრძნობინოთ ის, რომ ძალიან მძიმე კრიზისში შევდივართ. ჩვენ ვატყობთ, რომ ხელისუფლებას საერთოდ არ ანაღვლებს ადამიანების პრობლემები, ისინი მიგვითითებენ, რომ თურმე ვალუტის კრუსი უნდა დავივიწყოთ,“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

აქციაზე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ელენე ხოშტარიაც.

„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ხელისუფლებამ გაიგოს და აღიქვას, რომ საზოგადოებაში არის სერიოზული პრობლემა, ტვირთი, რომელიც საზოგადოებას აწევს ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აქციის ორგანიზატორებმა გააჟღერეს კონკრეტული გზავნილები და მოთხოვნები ხელისუფლების მისამართით. ისინი მთავრობისგან მოითხოვენ ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვას. ასევე, მოითხოვენ, რომ მთავრობა უარი თქვას მის ახალ გეგმაზე, აქციზის ფასის მატებასთან დაკავშირებით.

დღევანდელ აქციაზე, ორგანიზატორებმა ლარებით და დოლარებით ნაძვის ხე მორთეს.

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე 

დღის ამბები