როდის განაახლებს ფოთის ნავსადგური მუშაობას, უცნობია. გემი, რომელმაც ფსკერის დაღრმავებაზე უნდა იმუშაოს, უკვე ფოთშია, თუმცა სამუშაოების დაწყება უამინდობის გამო ვერ ხერხდება. ფოთის ნავსადგური უკვე ორი კვირაა, პარალიზებულია.
გადამზიდავი კომპანიები კი იმ ზარალზე მიუთითებენ, რომელიც პორტის შეფერხებული მუშაობის გამო მიადგათ. ყველაზე დიდ მოგებას კომპანიები დეკემბერში ელოდებოდნენ, თუმცა ამ თვეში ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
გემების უმეტესობა, რომელიც ფოთის ნავსადგურში უნდა შემოსულიყო, გადამზიდავი კომპანიების ინფორმაციით, მალფუჭებადი და წინასახალწლო პროდუქციითაა დატვირთული. გადამზიდი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი რეალიზებაც მომავალში შეუძლებელი იქნება.
ფინანსური პრობლემები აქვთ მიმღებ და იმპორტიორ კომპანიებსაც. ფოთის პორტის გაჩერების გამო ისინი სრულ პასუხისმგებლობას ნავსადგურის ადმინისტრაციას აკისრებენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის მთავარი სამრეწველო და სატრანტიზო ნავსადგურის პარალიზებას ფორსმაჟორულ სიტუაციას უკავშირებენ, რასაც უამინდობით ხსნიან.
პორტის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს მმართველი გუნდი, ოპოზიცია კი ხელისუფლების არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს.
რა ზარალი მიადგა ქვეყნის მთავარი სამრეწველო და სატრანტიზო ნავსადგურის პარალიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს, უცნობია. სპეციალისტების ინფორმაციით, ფოთის პორტის პარალიზება პრობლემებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებსაც შეუქმნის და შესაბამისად, ეს ვითარება ჩვენი, როგორც მთავარი სატრანზიტო ჰაბის, იმიჯსაც დააზარალებს.
გაწმენდითი სამუშოები, წინასწარი ვარაუდით, 10-11 დღეში უნდა დაასრულდეს.
ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, სოფო ჭულუხაძე, თეა ვარშალომიძე.