06 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
ხალხმრავალი აქცია ვაშინგტონში - ამერიკელებმა მსოფლიო თანამეგობრობას ალეპოში მყოფი ხალხის დახმარებისკენ მოუწოდეს

ამერიკელებმა მსოფლიო თანამეგობრობას ალეპოში მყოფი ხალხის დახმარებისკენ მოუწოდეს - ხალხმრავალი აქცია ვაშინგტონში გაიმართა. დემონსტრაციას ამერიკაში მცხოვრები სირიელები და ირანელებიც შეუერთდნენ.

ალეპოს სოლიდარობის აქციაზე, რომელიც თეთრი სახლის წინ გაიმართა, ვაშინგტონელებმა შეკრება საღამოს 6 საათიდან დაიწყეს. პენსილვანიის გამზირზე ხალხმა სანთლები და ალეპოში დაბომბვების დროს მოკლული ბავშვების სურათები მიიტანა. 

თეთრი სახლიდან აქციის მონაწილეები რუსეთის ელჩის რეზიდენციისკენ დაიძრნენ, რათა ალეპოში მოსკოვის აგრესია გაეპროტესტებინათ. 

ალეპოს სოლიდარობის აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაასრულა პრესკონფერენცია თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტმა. ბარაკ ობამას ჰკითხეს, გრძნობს თუ არა ის პირად მორალურ პასუხისმგებლობას, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი და თავისუფალი სამყაროს ლიდერი, როდესაც უყურებს, რაც ხდება ალეპოში.

"მე ყოველთვის ვგრძნობ პასუხისმგებლობას. ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, როდესაც სნაიპერები ბავშვებს ესროდნენ. ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, როდესაც მილიონობით ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუხდა. ვგრძნობდი პასუხისმგებლობას მკვლელობასა და სისხლისღვრაზე სამხრეთ სუდანში. არის ადგილები მსოფლიოში, სადაც საშინელი მოვლენები ხდება და იმის გამო, რომ ვარ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვგრძნობ პასუხისმგებლობას. მე ყოველდღე ვეკითხები საკუთარ თავს, შემეძლო თუ არა გამეკეთებინა რამე სიცოცხლის გადასარჩენად, რამის შესაცვლელად და ბავშვების გადასარჩენად, რომლებსაც არ დაუმსახურებიათ ტანჯვა,“ - განაცხადა ბარაკ ობამა.

 

 

ავტორი: დავით ნიკურაძე 

დღის ამბები