5000-მდე ტრაილერი რუსეთ-საქართველოს საზღვართან გზის პირას 18 დღეა ჩარჩენილია.
მძღოლები, რომლებიც რუსეთის მხარეს არიან გაჩერებული კურიერს დაუკავშირდნენ, მათ გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. ისინი აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში, საქართველოს მიმართულებით, მხოლოდ 5 სატვირთო მანქანა გაატარეს, თუმცა გზის გაგრძელება ამ მძღოლებმაც ვერ შეძლეს. ადგილზე მყოფები ამბობენ, გზები არ იწმინდება და ისინიც უყურადღებოდ არიან დატოვებულები, ასევე უმთავრდებათ საკვებისა და საწვავის მარაგი.
„4 დღეა თოვლი არ მოდის და მარტო დღეს, ყველა სამინისტრო რომ შევაწუხეთ, იმის მერე დაიწყეს გზების გაწმენდა. აცხადებენ, რომ გზა არ არის გაწმენდილი და ზვავსაშიშროებაა,“ - აცხადებს სატვირთო ავტომობილი მძღოლი ირაკლი მალანია.
საქართველოს გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტრაილერებისათვის გზა დღეს გაიხსნა და ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას. მათ მოძრაობას კი საგზაო პატრული არეგულირებს.