საფინანსო კომპანია საქართველოს მიერ დაზარალებულმა მეანაბრეებმა დღეს თანხის დაბრუნების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
ისინი მოითხოვენ, შეიქმნას კომისია, რომელიც კომპანიასა და ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთობებს შეისწავლის.
დაზარალებულების მტკიცებით, 2013 წელს ეროვნულ ბანკს უფლება ჰქონდა, შეეჩერებინა კომპანია საქართველოს საქმიანობა, რაც არ გააკეთა.
დღესვე ბრალდებულთა ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
გუშინ პირველმა ინსტანციამ საფინანსო კომპანია საქართველოს დირექტორს, თამაზ ლობჟანიძეს და მმართველს, მერაბ ფერაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მეანაბრეებზე გასაცემი დავალიანება სულ 76 000 000 ლარს შეადგენს. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ საქმესთან დაკავშირებით სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს.