06 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნებს.

სამივე საპარლამენტო ჯგუფის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე შეაფასეს მინისტრის ეს გადაწყვეტილება.

,,საქსტატს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მონაცემები დროულად და პერიოდულად ეგზავნებათ, რის შემდეგადაც ასაჯაროებს. თუ ვინმე კრიტიკულ ან პოზიტიურ კომენტარს აკეთებს ამაზე, ეს ნიშნავს, მხოლდ და მხოლოდ, იმას, რომ ეს მონაცემები არის საჯარო,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთარ კახიძე კი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ვალდებულებას ახსენებს.

,,ღია მართველობის პარტნიორობის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულება აქვს ნაკისრი საქართველოს სახელმწიფოს, რომ სტატისტიკა, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად, თავად ყოველთვიურად გამოაქვეყნოს. როგორც ჩანს, ამ ვალდებულებასაც არ ასრულებს სახელმწიფო. მისთვის ამოსავალი წერტილი არის პოლიტიკური დაკვეთა, რომ ნაციონალური მოძრაობასთან შედარებით გაუარესებული სტატისტიკა არ აჩვენოს საზოგადოებას. ეს არის სამინისტროს პოლიტიზაციის ნათელი მაგალითი,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი კი შინაგან საქმეთა მინისტრს ეთანხმება იმაში, რომ  სტატისტიკით ხშირად ხდება მანიპულაცია ან მონაცეხმების გაზვიადება.

,,არავითარ შემთხვევაში არ ვუჭერ მხარს ინფორმაციის ბლოკირებას. ეს სტატისტიკა უნდა გამოქვეყნდეს, არ უნდა დაიმალოს და არ უნდა მოხდეს ამისი დაბლოკვა მედიისთვის და საზოგადოებისთვის“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამავე თემაზე კომენტარს აკეთებენ არასამთავრობო სექტორში, სადაც სამინისტროს სტატისტიკის ინტერაქტიული პორტალის შექმნის პირობას ახსენებენ.

,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის დროზე აიღო ვალდებულება, რომ შექმნიდა სტატისტიკის ინტერაქტიულ პორტალს, ამ მონაცემებს კი ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდიდა, საკუთარ ვალდებულებას ეწინააღმდეგებიან. სამწუხაროდ, გამოდის ისე, რომ ეს მონაცემები ქვეყნდება მაშინ, როცა კრიმინალური ფონი იწევს ქვეყანაში, ხოლო როცა მომატებულია ეს მონაცემები აღარ ქვეყნდება,“- აცხადებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი.

დღის ამბები