06 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
"შეიძლება, რომ შემცირდეს არა ადამიანები, არამედ ის ხარჯები, რომელიც ტყუილად ჰქონდა საჯარო სექტორს," - ირაკლი პეტრიაშვილი

პროფკავშირების ახალი ინიციატივა - გაერთიანებაში აქვთ გეგმა, რომლის მიხედვითაც მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ოპტიმიზაციამ არ უნდა გამოიწვიოს თანამშრომლების შემცირება. პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტები უნდა გადაიხედოს. გარდა ამისა მაღალჩინოსნებმა ხელფასი უნდა დაიკლონ იმ მიზნით, რომ შესაძლებელი გახდეს თანამშრომლების შენარჩუნება.

დაწვრილებით ინიციატივასთან დაკავშირებით, კურიერის ეთერში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საუბრობს და აცხადებს, რომ ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდია სხვადასხვა ქვეყნებში.

„ეს გახლავთ ჩვეულებრივი, აპრობირებული მაგალითი იმის, რომელიც ხდება ცივილიზებულ სამყაროში, როდესაც საჭირო არის გარკვეული კორექტივები დასაქმებასთან დაკავშირებით საჯარო თუ კერძო სექტორში,“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილის თქმით, ადამიანების ნაცვლად, საჯარო სექტორში უნდა შემცირდეს სხვადასხვა ხარჯები. 

„სულაც არ არის საჭირო 10%-ით ადამიანების შემცირება, იმ დროს, როდესაც მინუს 50 მილიონით დაამტკიცეს სახელფასო ფონდი.  შეიძლება, რომ შემცირდეს არა ადამიანები, არამედ ის ხარჯები, რომელიც აბსოლუტურად ტყუილად ჰქონდა საჯარო სექტორს. როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა და გაქვს საშუალება, არ უნდა დააწერინო ადამიანს განცხადება და მითუმეტეს აბსურდი და სისულელეა ის, რომ მენეჯერმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ შემცირდება და ვინ არა. ისედაც არ არის  საზოგადოება კმაყოფილი საჯარო სექტორის მომსახურებით და თუ მენეჯერი გადაწყვეტს  მისი ბიძაშვილ-მამიდაშვილი დარჩეს თუ არა სამსახურში და კვალიფიციური კადრი გაუშვას, ჩვენ საზოგადოება მივიღებთ კიდევ უარეს მდგომარეობას

„პროფკავშირების ჩართულობა, თუნდაც შერჩევის პროცესში, რომელმაც მუნიციპალიტეტმა და სამინისტრომ როგორ გადაწყვიტოს და მოაგვაროს დასახული ამოცანა ე.წ. -10%-ისა ადმინისტრაციული თუ ადამიანური რესურსი, ნიშნავს, რომ პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე,“ - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

დღის ამბები