მაია რჩეულიშვილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. მისი ადვოკატის განცხადებით, ცენტრ პოინტის დამფუძნებლის მდგომარეობა საგანგაშოა და თუ მას საკანში დააბრუნებენ, ეს შესაძლოა უმძიმესი შედეგით დასრულდეს.
მსჯავრდებული საპატიმროდან კლინიკაში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს, ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს რამდენად მიზანშეწონილია მაია რჩეულიშვილის საპატიმროში დარჩენა.
დაცვის მხარე სასამართლოსგან რჩეულიშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
„თუ არ გაითვალისწინეს, მაშინ იმ მოსამართლემ და პროკურორმა აიღონ იარაღი და მოკლან ბარემ პირდაპირ, მეტი ალტერნატივა არ არსებობს. ჯერ ერთი ექიმები არ დააბრუნებენ, მაიას ექიმები ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას რომ ესეთი ადამიანი გულის ფილტვების და კუჭ-ნაწლავის დაავადებით დააბრუნონ ციხეში,“ - აცხადებს ვახო რჩეულშვილი.
ცენტრ პოინტის საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან უმრავლესობის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ, თავი შეიკავა.
„სასამართლო პროცესის დროს პოლიტიკური პირების მიერ რაიმე მითითებები ისჯება. ქვეყანაში არის მართლმსაჯულება, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს პირის მდგომარეობა და გამოიტანოს განაჩენი,“ - განაცხადა ბესელიამ.
ავტორები: დავით კაკულია, ანა წერეთელი.