საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახალი დირექტორი უნდა აირჩიონ - ნინო ზაუტაშვილი ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისთვის იბრძოლებს. მას უკვე აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, გამარჯვების შემთხვევაში არხზე ცვლილებებს გეგმავს. ერთ-ერთი მთავარი კი განახლებული გუნდის ჩამოყალიბება იქნება.
კონკურსი ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად ისე გამოაცხადეს, რომ სავალდებულო დოკუმენტების სიიდან ნარკოლოგიური ცნობის წარდგენა ამოიღეს.
სავარაუდო კანდიდატების სია, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს პირველი არხის დირექტორის თანამდებობა უკვე ვრცელდება. არაოფიციალური ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას გეგმავს რეჟისორი გოგა ხაინდრავა.
მმართველი გუნდის წევრები სავარაუდო კანდიდატებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ პირველმა არხმა გავლენა უნდა დაიბრუნოს. რაც შეეხება ოპოზიციას, უმცირესობაში ფიქრობენ, რომ საკონკურსო დოკუმენტებიდან ნარკოლოგიური ცნობის ამოღება სავარაუდოდ კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ მოხდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადების შეტანის ვადა 28 დეკემბერს იწურება.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.