"დანაშაულებრივ ქმედებად" ალექსანდრე ჯეჯელავამ სტუდენტური პროტესტი მოიხსენია, რომელსაც აუდიტორია 115-ის წევრები უკვე რამდენიმე კვირაა მიმართავენ. განათლების მინისტრმა უნივერსიტეტში გამაგრებულ სტუდენტებს მეექვსე კორპუსის პიკეტირების შეწყვეტისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა.
ის, რაც განათლების მინისტრისთვის დანაშაულებრივი ქმედებაა, აუდიტორიის წევრების შეფასებით, ერთადერთი საშუალებაა, რომ ხელისუფლებას უნივერსიტეტში რეალური რეფორმის დაწყება აიძულონ. სტუდენტური გაერთიანების წარმომადგენლებისთვის მინისტრის დღევანდელი განცხადება მიუღებელია. ისინი მიიჩნევენ, რომ მინისტრი განაწყენებულია და აუდიტორია 115-ის წევრების მარგინალიზებას ცდილობს. ახალგაზრდები განათლების კანონში ცვლილებების შეტანასთან ერთად, თვითმმართველობის არსებული მოდელის ძირეულ რეფორმასაც მოითხოვენ.
მინისტრის შეფასებას იზიარებენ სტუდენტურ თვითმმართველობაში. მათი განცხადებით, აუდიტორია 115-ის წევრები დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ, რითიც ხელი ეშლება სასწავლო პროცესს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში. აქ ლექციები უკვე 3 კვირაზე მეტია არ ჩატარებულა.
ავტორი: მარიამ შანშიაშვილი.