70 გარდაცვლილი და 2500-ზე მეტი დაშავებული - საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, ბოლო 3 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ბავშვთა სიკვდილიანობის და ტრავმების სტატისტიკას აქვეყნებს.
ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია.
სტატისტიკის გამოქვეყნებასთან ერთად, ორგანიზაცია სახელმწიფოს, ბავშვების ტრანსპორტით უსაფრთხო გადაყვანასთან დაკავშირებით, ექსპერტების მიერ შედგენილი რეკომენდაციებით მიმართავს.
"ჩვენი რეკომენდაციებიდან პირველია, ბავშვების ავტომობილით გადაყვანა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური სავარძლით. კანონში ჩანაწერი, რომ 3 წლამდე ბავშვი შეგიძლიათ ჩაისვათ კალთაში, იქნას ამოღებული, რადგან სრულიად არაჰუმანურია.
მეორე რეკომენდაცია კი, საპატრულო პოლიციის მიერ მკაცრი ზომების გატარებას უკავშირდება.
„საპატრულო პოლიციამ მიიღოს უფრო მკაცრი ზომები დარღვევების მიმართ. ასევე, მოწესრიგდეს სკოლებთან ინფრასტრუქტურა და დამონტაჟდეს კამერები, რითაც შესაძლებელი იქნება მძღოლების კონტროლი“ - განაცხადა საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.