06 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
სპეცოპერაცია ისანში - დაკავებულთა ადვოკატები სამართალდამცველებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ

სპეცოპერაცია ისანში - გიორგი ბერიშვილი სამართალდამცავებს ცემაში, უკანონო დაკავებასა და იარაღის ჩადებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ფაქტი რამდენიმე დღის წინ მისი ნათესავის, გიორგი ქველაძის, სახლში მოხდა, სადაც ის მეგობრებთან ერთად ბავშვის დაბადების დღეს აღნიშნავდა.

მისი ინფორმაციით, მოულოდნელად სპეცოპერაცია ჩატარდა და პოლიციამ სუფრასთან მყოფი ყველა წევრი დააკავა. მოგვიანებით ქველაძის სახლში შეკრებილებმა გაიგეს, რომ ბავშვის საძინებელში პოლიციამ საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინა.

სპეცოპერაციის შემდეგ პოლიციამ შვიდივე დაკავებული სამინისტროში გადაიყვანა. თუმცა, გამოძიება მხოლოდ ლევან მაზიაშვილის, ლევან გუდიშვილის და გიორგი ქველაძის წინააღმდეგ დაიწყო.

ოჯახი წარდგენილ ბარლდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სახლში იარაღი არასდროს ჰქონიათ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს ცემაში დაკავებულების ოჯახის სხვა წევრებიც ადანაშაულებენ. გიორგი ქვლაძის დედა აცხადებს, რომ პოლიციამ იარაღი სახლში თავად შეიტანა. ქეთო კონიაშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილი პოლიციელებმა წარსულში ნასამართლეობის გამო დააკავეს.

დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, ქველაძეების სახლში სამართალდამცავები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შევიდნენ, თუმცა ადგილზე ვერაფერი იპოვეს, რის შემდეგაც სახლში იარაღი შეიტანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქველაძეების სახლიდან არარეგისტრირებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას ადასტურებს. თუმცა, პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ მასალაში არ საუბრობენ, ჰქონდა თუ არა ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელების მხრიდან.

 

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

დღის ამბები