თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გაძვირდა. ტარიფის ცვლილებას 4 სადგური ითხოვდა და საკითხზე გადაწყვეტილება სემეკმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
თბოელექტროსადგურების ერთ ნაწილს ტარიფი 2 თეთრით, ხოლო მეორე ნაწილს 4 თეთრით გაუძვირდა.
სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა.
მიხეილ ბოცვაძე ამბობს, რომ კომპანიისთვის ჯერჯერობით უცნობია შენარჩუნდება თუ არა ძველი სამომხმარებლო ტარიფი. მისივე თქმით, ტარიფების ცვლილება მარეგულირებელ კომპანიაზეა დამოკიდებული.
„ნამდვილად შეცდომა იქნება თუ გეტვით, რომ ვალუტის კურსის ცვალებადობა ჩვენზე არანაირ გავლენას არ ახდენს, პირიქით მნიშვნელოვანია ეს კომპონენტი, თუმცა როგორ აისახება ეს სამომხმარებლო ტარიფზე, ეს კითხვა უკვე არის მარეგულირებელთან, მათი გადასაწყვეტია. იქ არის საკმაოდ რთული კალკულაციები და ამ გადაწყვეტილებას გაიგებთ მალე. შემდეგ კვირას იქნება გამოცხადება საბოლოო ტარიფის,“-განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
სემეკს ბიზნესისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის წარმომადგენელი.
„ჩვენი მიზანი არის ის, რომ რისკები სწორედ შეფასდეს ახლავე აისახოს ტარიფებში და არა მას შემდეგ, რაც ურემი გადაბრუნდება. ჩვენი ჯგუფი წარმოადგენს საბაზისო გენერაციის 60%-ს. ეს არის 600 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრე, თბოელექტროსადგურები და მე ვფიქრობ რომ ენერგოუსაფრთხოების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია რეგულატორმა ადეკვატური და ბიზნესის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელსაც დღეს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ,“-აცხადებს საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე.