06 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
რჩეულიშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მოსამართლემ მაია რჩეულიშვილი ისევ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატებმა პროცესზე ექიმების მიერ სამი კლინიკიდან გაცემული ცნობები წარადგინეს.

მოსამართლის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების დროს, დოკუმენტებში მისთვის სამედიცინო ტერმინები გაუგებარი აღმოჩნდა. პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მოსამართლემ იმითაც ახსნა რომ, ადვოკატებმა რჩეულიშვილის საბოლოო დიაგნოზი პროცესზე ვერ წარადგინეს.

ადვოკატები ადასტურებენ, რომ სასამართლოზე წარდგენილი ცნობები საბოლოო დიაგნოზს ვერ ასახავს, რადგან რჩეულიშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა რომ, მას საჭირო კვლევებს ვერ უტარებენ. იურისტების განმარტებით, დოკუმენტები ადასტურებს, რომ ბრალდებულს სავარაუდოდ სიმსივნე, კახექსია და გულის დაავადება აქვს.

რჩეულიშვილის ადვოკატები მოსამართლის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. რჩეულიშვილის ადვოკატებს სიცრუეში ადანაშაულებს ბრალდების მხარე.

პროკურორების განცხადებით, უწყებამ რჩეულიშვილის ისტორია კლინიკიდან გამოითხოვა და სპეციალისტებთან ერთად შეისწავლა, რის შედეგადაც მათი თქმით, დადასტურდა რომ, რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

ცენტრ პოინტის დამფუძნებელი კლინიკაში ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ 2 კვირაა მკურნალობს. მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას უახლოეს დღეებში სასჯელაღსრულების სამინისტროც გამოაქვეყნებს.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი 

დღის ამბები