სოფელ ამამლოში მცხოვრები გარაჯაევები ახალ წელს სახელმწიფოს დახმარების გარეშე შეხვდებიან. სოციალური მომსახურეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ოჯახს შემწეობა დამალული ქონების აღმოჩენის შემდეგ მოეხსნა, თუმცა სხვა მიზეზებზე საუბრობს თავად ოჯახი.
ამის მიზეზად ოჯახის წევრები პოლიტიკურ მოტივს ასახელებენ. გარაჯაევები ამბობენ, რომ დახმარება მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც არჩევნებზე ხმა ოპოზიციურ პარტიას მისცეს.
გარაჯაევის გარდა, დმანისის რაიონის სოფელ ამამლოში, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს სხვა ოჯახებიც ყვებიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი პრობლემები მიწის დაკანონებასა და ზამთარში შეშის შეძენას უკავშირდება.
რამილ სეიდოვის ინფორმაციით, მიწა რომელსაც ის წლების განმავლობაში ამუშავებდა, არ დაურეგისტრირეს. ამ ფაქტს ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით ხსნის.
სოფელ ამამლოში ოჯახების ნაწილს რომ სოციალური დახმარება ნამდვილად შეუჩერდა, შესაბამის უწყებაშიც ადასტურებენ.
სოფელ ამამლოში, ადგილობრივების ინფორმაციით, სოციალური დახმარების გარეშე კიდევ რამდენიმე ოჯახი დატოვეს, თუმცა ისინი ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა, გიგლა თუმანიშვილი.