სასულიერო პირებს შორის 3 კვირის წინ გაჩენილ დაპირისპირებას სავარაუდოდ ხვალ, 46 მღვდელმთავარი და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, სინოდის კრებაზე განიხილავენ.
სასულიერი პირები, რომელთა შერიგებასაც ხვალ სინოდის სხდომაზე შეეცდებიან, ერთმანეთს 5 დეკემბერს, დეკანოზ დავით ისაკაძის საჯარო განცხადებების შემდეგ დაუპირისპირდნენ, სადაც მან მამა ალექსანდრე გალდავა და თეოდორე გიგნაძე ეკლესიის მტრებად გამოაცხადა.
„ეს საკითხი ყველას გვაწუხებს და იმედია ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც ერისთვის და ბერისთვის იქნება სასიკეთო. მსგავსი კონფლიქტები ეკლესიის ისტორიაში ყოფილა, მაგრამ მოგვარებულა სიყვარულით და ღვთის წყალობით. იმედი მაქვს, რომ ასევე მოგვარდება სიყვარულით და შერიგდებიან დაპირისპირებული მხარეები,“ - აცხადებს დეკანოზი მამა გიორგი თევდორაშვილი.
თავად მამა თეოდორე გიგნაძემ კი არ იცის რატომ გახდა თავდასხმის ობიექტი.
კიდევ ერთი თემა, რომლიც ხვალ სავარაუდოდ სინოდის სხდომაზე უნდა განიხილონ, პატრიარქისთვის სახელმიწიფო დაცვის მოხსნის საკითხია.
საქართველოს პატრიარქის დაცვას კანონი, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ავალებს, თუმცა დღეს კურიერმა გაარკვია, რომ სახელმიწიფო დაცვის სამსახური მხოლოდ საპატრიარქოს შენობას იცავს და არა თავად პატრიარქს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა პატრიარქის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციას იმ მოტივით გადააბარა, რომ საკუთარ ბიუჯეტში ამისთვის თანხები ვერ გამოძებნა.
ავტორი: ნოდარ მელაძე