06 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
სკანდალური სინოდის სხდომა - საზოგადოება საპატრიარქოსგან განცხადების მოლოდინშია

რა კონსესუსამდე მივიდნენ სასულიერო პირები სინოდის სხდომაზე, ამ დრომდე უცნობია. საპატრიარქოს ოფიციალური განჩინება არ გამოუქვეყნებია.

სხდომის დაწყებამდე კომენტარები გაკეთდა პატრიარქის დაცვისა და მისი მდივან-რეფერანტის საკითხზე, რომელსაც დღეს რუხი კარდინალიც კი უწოდეს. თუმცა, სინოდის წევრები აცხადებენ, რომ ამ თემებზე არ უსაუბრიათ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე საპატრიარქოში შექმნილი შიდა დაპირისპირების აღსაკვეთად საეკლესიო სასამართლოს აღდგენას არ გამორიცხავს, მიტროპოლიტი რუის-ურბნისის კრების ანალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.

„საეკლესიო სასამართლო აუცილებლად უნდა აღდგეს. თუ სინოდს არ შესწევს ამის ძალა, მაშინ უნდა მომზადდეს აუცილებლად დიდი საეკლესიო კრება, რომელშიც ჩართულები იქნებიან როგორც სასულიერო პირები, ისე ერის კაცები. რუის ურბნისის კრების მსგავსად, სადაც ყველა საკითხი მოგვარდება, საქართველოს შესწევს ამის ძალა,“ - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტ პეტრეს კომენტარი არ გაუკეთებია.

საპატრიარქოში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, საეკლესიო სასამართლო და რუის ურბნისის კრების საკითხი თეოლოგების განხილვის თემა გახდა. ისინი მიიჩნევენ, რომ სასამართლოს აღდგენის ალბათობა ნაკლებ სავარაუდოა. მეტიც, მათი აზრით, ამ ინიციატივის შესახებ, სინოდის სხდომის ოქმში არაფერი იქნება ნათქვამი.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები