მეუფე იაკობი პატრიარქის დაცვის უფროსს დღეს სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა. ქორეპისკოპოსმა იაკობმა პატრიარქის დაცვის უფროსის გათავისუფლება დღეს დილიდან დააანონსა და განცხადა, რომ საკითხის დაყენებას სინოდის სხდომაზე გეგმავდა.
მეუფე იაკობმა ღიად დაადასტურა ისიც, რომ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მას შორის მწვავე კონფლიქტი არსებობს.
გავრცელებული ცნობით, ქორეპისკოპოსმა სხდომაზე დაცვის უფროსის გათავისუფლების შესახებ საკითხის დაყენება სცადა, თუმცა მას ილია მეორემ ამის უფლება არ მისცა. სინოდის სხდომის დასრულების შემდგ, მეუფემ კომენტარი აღარ გააკეთა.
პატრიარქის ქორეპისკოპოსსა და დაცვის უფროსს სოსო ოხანაშვილს შორის მწვავე დაპირისპირება რამდენმე თვის წინ დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტს წინ, მეუფე იაკობის თანაშემწესა და დაცვის წევრებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, თუმცა რა საკითხზე უცნობია. ამის შემდეგ მეუფე იაკობმა ქადაგების დროს სოსო ოხანაშვილი ეკლესიისა და პირადად პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაში ღიად დაადანაშაულა.
მეუფე იაკობის ამ ბრალდებებს ოხანაშვილი არ პასუხობს. თუმცა, პატრიარქის დაცვის უფროსმა ქორეპისკოპოსს შეახსენა, რომ მისი, ან პატრიარქის დაცვის სხვა წევრების გათავისუფლების ბერკეტი არც მეუფე იაკობს და არც სინოდის წევრებს აქვთ.
პატრიარქის უსაფრთხოების სამსახური 2011 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დაქვემდებარებაშია. თუმცა, კანონის მიხედვით, ილია მეორეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უნდა იცავდეს.
სოსო ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პატრიარქის დაცვისთვის თანხები ვერც წინა და ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში გამოიყო.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი, გიგლა თუმანიშვილი