საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მშვილებელთა ასაკთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება. ცვლილების თანახმად, 45 წელს გადაცილებული წყვილები სავარაუდოდ, ჩვილი ბავშვის აყვანას ვეღარ შეძლებენ. ბავშვსა და ამყვან მშობელს შორის სხვაობა მინიმუმ 16 და მაქსიმუმ 45 წელი უნდა იყოს.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კანონში შევა, მშვილებელი პირის ნასამართლეობას ეხება. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ახალ კანონპროექტს განიხილავდნენ, კამათი იყო, თუ რა მუხლით ნასამართლევ მოქალაქეს უნდა აეკრძალოს ბავშვის აყვანა.
სიახლე იქნება ის გარემოებაც, რომ ბავშვი ბიოლოგიური მშობლისგან მიტოვებულად 6-ის ნაცვლად 3 თვეში ჩაითვლება. კანონმდებლობა ასევე დაავალდებულებს ამყვან მშვილებელს, სპეციალური გადამზადება გაიაროს.
კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა გაეროს ბავშვთა ფონდის სპეციალისტებმა მიიღეს. UNICEF-ში თვლიან, რომ მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, ახალ კანონში მეტად არის გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები, ვიდრე მშვილებელი ოჯახების.
"შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" ახალ კანონპროექტზე მსჯელობა იურიდიულ კომიტეტზე ორშაბათს განახლდება.
ავტორი: მარიკა გოცირიძე.