06 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
განათლების სამინისტროს მასწავლებელთა შეფასების სისტემაში ცვლილებები შეაქვს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებებია. საგამოცდო ბარიერი უქმდება. იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი გამოცდაში 0 შეფასებას მიიღებს ჩაჭრილად აღარ ჩაითვლება და პროფესიულ საქმიანობას უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებამდე შეინარჩუნებს. პედაგოგებს სერთიფიცირების პროცესს პროფესიული უნარების გამოცდა დაემატება.

ექსპერტთა ნაწილი სერთიფიცირების გამოცდის ახალ სქემას პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს. მათი განცხადებით, ახალი ცვლილება განათლების ხარისხს ვერ გაზრდის და არც მასწავლებლების პროფესიული განვითარება მოხდება.

ახალ სქემას დადებითად აფასებენ ის ექსპერტები, რომლებიც განათლების სამინისტროსთან ერთად პროექტზე მუშაობდნენ. მათი განცხადებით, სერთიფიცირების გავლის შემდეგ, პედაგოგთა კვალიფიკაციის შესახებ სრული სურათი შეიქმნება და მათი გადამზადება მოხდება.

მასწავლებელთა ნაწილი პედაგოგების გამოცდის ჩაბარების ახალ სქემას აპროტესტებს. მათთვის ბარიერის გაუქმება მიუღებელია. მათივე განცხადებით, ახალ სქემაში უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის ცვლილებები გათვალისწინებული არ არის.

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე 

დღის ამბები