საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მცირე ოდენობით მარიხუანას მოხმარების, ასევე მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა-დამზადებისთვის პატიმრობა არაკონსტიტუციურად სცნო. შესაბამისად, არსებული საკონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად სცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
ეს ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველს ჰქონდა გასაჩივრებული.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი ითხოვდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიმრო სანქციების არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
”მოქმედი კანონმდებლობით მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის სანქციად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, რაც სახალხო დამცველის აზრით არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ზედმეტად მკაცრია და წარმოადგენს ღირსების შემლახველ სასჯელს.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მცირე ოდენობით მარიხუანას მოხმარების, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადების ნაწილში ნორმები იმეორებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. სასამართლომ ნორმის ეს ნაწილი არაკონსტიტუციურად სცნო გამარტივებული წესით, განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით.
"საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი სადავო ნორმების იმ შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადებისათვის,” - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.