"მწვალებლები," "ეკლესიის თალიბანიზაცია" - ეს სიტყვები სამღვდელოების მხრიდან ისმის. წლის ბოლოს სასულიერო პირების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და რაც ყველაზე მოულოდნელი იყო, ამ უთანხმოებამ საჯარო სივრცეში გადაინაცვლა.
დაპირისპირება საპატრიარქოს შიგნით არსებულ სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის პირველმა მამა დავით ისაკაძემ გააჟღერა და შობის მძიმე მარხვაში მღვდელ ალექსანდრე გალდავასა და თეოდორე გიგნაძეს "მწვალებლები" უწოდა.
საპატრიარქოში მიმდინარე დაპირისპირებაზე სამსჯელოდ ხუთშაბათს წმინდა სინოდის კრებაც შეიკრიბა. 46 მღვდელმთავარი მიმდინარე საკითხებზე 5 საათის განმავლობაში მსჯელობდა, კრების დაწყებამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ ფაქტიურად დაადასტურა, რომ საქართველოს ეკლესიის მთავარი პრობლემა ჩრდილოვანი მმართველობაა.
კიდევ ერთი თემა, რაზეც წმინდა სინოდს უნდა ემსჯელა, პატრიარქისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის საკითხია, რაც დღის წესრიგში მაშინ დადგა, როცა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ქადაგების დროს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა.
არაოფიცილურად ცნობილია ისიც, რომ თავის პოსტს ინარჩუნებს პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილიც.
ჟურნალისტი ლევან სუთიძე საპატრიარქოში მიმდინარე დაპირისპირებას წლებია აკვირდება და ამბობს, ეს არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დახურული სტრუქტურა, საიდანაც ოფიციალური და ობიექტური ინფორმაციის მოპოვება ურთულესია.
ავტორი: თეა ადეიშვილი.