სემეკს სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ეკონომიკური ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დენის საფასური 5 თეთრით გაიზრდება.
დენზე გრაფიკი ან გაძვირებული ტარიფი - ექსპერტების მტკიცებით, არჩევანი დღეს ამ ორს შორის უნდა გაკეთდეს.
„გარდაუვალია, რომ ფასების მატება მოხდეს, იმიტომ, რომ აქ არჩევანი არის მარტივი - გვინდა დენი გრაფიკით თუ გვინდა გაძვირებული დენი. თბოელექტროსადგურები, რომლებიც აწარმოებენ დენს, იყენებენ ამის საშუალებად გაზს, რომელიც არის იმპორტირებული და ყიდულობენ დოლარში. შესაბამისად, ლარის გაუფასურება პირველ რიგში ურტყამს ამ კომპანიებს და თუ გვინდა, რომ ეს კომპანიები არ გაკოტრდნენ და თუ ამის საფრთხე დგება, გარდაუვალია, რომ ტარიფების მატება უნდა მოხდეს,“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.
ანალიტიკოსები შექმნილ ვითარებას ეროვნული ვალუტის ვარდნას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ტარიფის მატება სადისტრიბუციო კომპანიების გაკოტრების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა.