სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი რჩება. გადაწყვეტილება ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო. სემეკმა თელასისა და ენერგო პრო ჯორჯიას ტარიფები განსაზღვრა. ცვლილებები ეხება მხოლოდ კომერციულ სექტორს.
სემეკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან ენერგოკომპანიების წარმომადგენლები. მათ საკუთარი შენიშვნები დღეს გამართულ სხდომაზევე დააფიქსირეს.
ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დააზარალებს კომპანიის ინტერესებს.
კომპანიების წარმომადგენელთა მთავარი შენიშვნა უკავშირდებოდა იმას, რომ სემეკმა ტარიფი ეროვნული ვალუტის 2.50 ლარიან კურსთან მიმართებაში დაადგინა, რაც მათი განცხადებით, არასწორია.
მათი თქმით, კურსის არაპროგნოზირებადობა და ცვალებადობის ტემპი გავლენას ახდენს კომპანიაზე, გარდა ამისა, ერთ-ერთ პრობლემას სწორედ აქციზზე ფასების ზრდა წარმოადგენს.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კომისიის სხდომაზე შენიშვნების მოსმენის შემდეგ განმარტა, რომ წლის დასაწყისიდან მოხდება არსებული ვითარების გადახედვა და მომზადდება შესაბამისი ცვლილებების მეთოდოლოგიაში.
ირინა მილორავას თქმით, ეს შეეხება პირველ რიგში კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილის დადგენას, რაც ინვესტორებს ეფექტური საქმიანობის საშუალებას მისცემს.