საქართველო ვიზალიბერალიზაციისთვის ემზადება. ხელისუფლება ამ საკითხზე მოქალაქეების ინფორმირებისთვის არასამთავრობო სექტორისა და ასევე, ეკლესიის წარმომადგენელთა ჩართულობას აუცილებლად მიიჩნევს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა პროცედურების გავლა მოუწევთ და რა არ უნდა გააკეთონ.
საგარეო უწყების მინისტრი კი მიიჩნევს, რომ კონკრეტული თარიღების დასახელება ამჯერად მიზანშეწონილი არ არის.
„ნებისმიერი კონკრეტული თარიღის დასახელება, თუნდაც მარტის თუ აპრილის, იქნება არასწორი, რადგან ჩვენ მოსახლეობას შევიყვანთ შეცდომაში. თუმცა, ჩვენ მოსახლეობას ვარწმუნებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ძალიან მალე, ეს განცხადებები მოდის არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან და ევროკავშირის სტრუქტურის ხელმძღვანელის მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ მიერ დასახელებული თარიღები საკმაოდ რეალურია. ამის შესახებ უკვე იქნება დეტალური კომუნიკაცია ჩვენს საზოგადოებასთან,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ავტორი: ნინო სამაყურაშვილი