თბილისში დადიანის ქუჩაზე 200 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცა. ახალი საცხოვრებელი სახლის გასაღები მათ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა თბილისის მერთან ერთად გადასცა.
კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 148 ერთოთახიანი, 27 ოროთახიანი, 25 კი, სამოთახიანია.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, თბილისში 12 ნგრევის პირას მყოფი შენობა დაიხურა და ბინები იქ მცხოვრებმა ოჯახებმა მიიღეს.
სოზარ სუბარის განცხადებით, ბინების გადანაწილების საკითხი თავად ოჯახებმა გადაწყვიტეს.
„ვის სად შეხვდებოდა ბინა, ეს თვითონ გადაწყვიტეს, ანუ კენჭისყრა იყო, თუ ვის შეხვდებოდა რომელ უბანში ან რომელ სართულზე საცხოვრებელი. მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პირველი სართულები იყო განკუთვნილი და შესაბამისი ადაპტირებული შესასვლელები აქვს კორპუსებს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.