მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც სამომხმარებლო ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი დარჩა კომპანიებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ენერგო-პროს წარმომადგენელი კომისიის წევრებისთვის სხდომაზე იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ გაზრდილი ხარჯების პირობებში, დღევანდელი გადაწყვეტილება კომპანიას ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის. დენის გაძვირების ნებართვა მარეგულირებელმა კომისიამ თელასს და ენერგო-პროს მხოლოდ კერძო სუბიექტებისთვის მისცა. საშუალო და მაღალი ძაბვის ელექროენერგია მათ ნახევარ თეთრით გაუძვირდათ.
კომპანიის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს ისიც, რომ სემეკმა ტარიფი ქვეყნის ბიუჯეტში გათვალისწინებული 2 ლარი და 50 თეთრიანი კურსის მიხედვით დათვალა. მაშინ როდესაც, რამდენიმე დღის წინ კომისიამ თბოელექტროსადგურებს ტარიფი 2 ლარი და 78 თეთრიანი კურსი გათვალისწინებით დაუდგინა.
დისკუსიის შემდეგ, ენერგო-პროს ხელმძღვანელობამ სემეკი კომენტარის გარეშე დატოვა. მათ უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა - "რამდენად იმოქმედებს კომისიის გადაწყვეტილება კომპანიის მომსახურების ხარისხსა და ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებაზე." ხარვეზებს ამ მიმართულებით გამორიცხავს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე. უწყვეტი მომარაგების პირობა დადო დღეს კომპანია თელასმაც.
კერძო სუბიექტებს ელექტროენერგიის ტარიფი პირველი იანვრიდან გაუძვირდებათ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.