სრულიად განსხვავებული საახალწლო გალა-კონცერტი - ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 2016 წლის ბოლო საღამოს, ნაცნობი საახალწლო კომპოზიციების ნაცვლად, სრულიად ახალი სიმღერები პირველად გაჟღერდება.
სულ 30-მდე კომპოზიტორმა ამდენივე სიმღერა სპეციალურად საახალწლო კონცერტისთვის დაწერა. ამ უჩვეულო ექსპერიმენტის მონაწილე სხვადასხვა თაობის 40-მდე მომღერალი 31 დეკემბერს ვარდების მოედანზე იმღერებს.
განახლებული აღმაშენებელის მთავარ სცენაზე კი განსხვავებული ჟანრის კონცერტები ყოველ დღე გაიმართება, მათ შორის დაგეგმილია ბექა გოჩიაშვილის კონცერტიც.
საახალწლო ქალაქი სტუმრებს 25 დეკემბრიდან ყოველდღე, 2 იანვრის ჩათვლით, უმასპინძლებს.
თანამედროვე ხელოვნებას მასპინძლობს საახალწლო ღონისძიებების მეორე ეპიცენტრიც. დედა ენის ბაღში Winter Dreams Exhibition-ის ფარგლებში თბილისის მერიისა და გალერეა არტარეას ორგანიზებით, 4 ნამუშევარი განთავსდა, რომელთაგან ორიც ქალაქში სამუდამოდ დაიდებს ბინას.
ავტორი: სალომე ბენაშვილი