06 ნოემბერი 2024,   05:55
ვრცლად
ახალი წელი რეგიონებში - საახალწლო კონცერტებს წელს თვითმმართველი ქალაქები თავად მართავენ

წელს საქართველოს ქალაქების დიდ ნაწილში საახალწლო სადღესასწაულო კონცერტები არ გაიმართება. ახმეტის კულტურის სამსახურში ამბობენ, რომ საკრებულოს გადაწყვეტილების მოლოდინში, რომელსაც ღონისძიებებისთვის თანხა უნდა გამოეყო, საახალწლო მზადება დაგვიანდა. ცენტრის დირექტორის განმარტებით, ბიუჯეტში ახალი ნაძვის ხის შესაძენი თანხა ვერ გამონახეს.

ახმეტისგან განსხვავებით, თანხები არ დაუზოგავთ თელავში. სცენის, განათების, გახმოვანების, ფეიერვერკისა და მომღერლებისთვის ადგილობრივმა მთავრობამ 55 ათას ლარამდე დახარჯა.

ნაძვის ხე აქვთ, თუმცა 2017 წელს კონცერტის გარეშე შეხვდება ფოთი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მასშტაბური ღონისძიებები არ იგეგმება, ქალაქის ბიუჯეტიდან საბავშვო პროგრამებისთვის, კულტურის მუშაკებისა და სპორტსმენების დაჯილდოვების ღონისძიებისთვის 22 ათასი ლარი გამოიყო.

საახალწლო მზადება და სცენის მონტაჟი დაგვიანებით, თუმცა უკვე დასრულდა ბათუმში. ქალაქში 31 დეკემბერს გალა-კონცერტია დაგეგმილი.  წელს მთავრობამ ერთკვირიანი პროგრამისთვის 350 ათასი ლარი გამოყო.

2017 წელს კონცერტით შეხვდება ოზურგეთიც, თუმცა წელს პირველად ღონისძიებაში მონაწილეობას მხოლოდ ადგილობრივი ანსამბლები მიიღებენ. ოზურგეთში 31 დეკემბრის საახალწლო კონცერტის ნაცვლად ღონისძიება 13 იანვარს, კალანდობას, გაიმართება. 

საახალწლო კონცერტებს წელს თვითმმართველი ქალაქები თავად მართავენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურის სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში ღონისძიებებს არ ჩაატარებს.

 

 

ავტორები: შოთა კიკნაძე, ია გულიაშვილი, სოფო ჭულუხაძე, იზო ჩუბინიძე. 

დღის ამბები