საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად მსურველთა განცხადებების მიღება დღეს სრულდება - ამ დროისათვის 11 განაცხადია შესული.
კანდიდატთა შორის არიან ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი, რომელიც ტელევიზიის მხარდაჭერით სარგებლობს და ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც ხელისუფლების ფავორიტად მიიჩნევენ.
ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი სამი დღის ვადაში გამოქვეყნდება კანდიდატთა სრული სია. საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენდირექტორი 6 იანვარს უკვე უნდა ჰყავდეს.
“შესაძლებელია პირველ ტურში ყველა მათგანი ვერ მოხვდეს, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მოახდენს წარმოდგენილი დოკუმენტების შედარებას კანონის მოთხოვნებთან და ამის შემდგომ როდესაც დასრულდება განაცხადების მიღება, სამი დღის ვადაში გამოაქვეყნებს სიას იმ კანდიდატებისა, რომლებიც ჩაითვლებიან პირველ ტურში გასულად.
"6 იანვარს ჩატარდება კენჭისყრა, რომლის შედეგადაც უნდა გამოვლინდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი,“-განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გიორგი კოხრეიძემ.
მედია ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ კანდიდატის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და მიუკერძოებელი იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ გასაუბრება, კანდიდატების საბჭოს წევრებთან, იმიტომ, რომ საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს ვის ჩააბარებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის გამორჩეული თავისი ფუნქციით და თავისი გავლენით. პროცესში მონაწილეობენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ სახელისუფლებო ხაზის გამტარები არიან. ის ფაქტი, რომ ცოტა კანდიდატია ჩემთვის ცხადყოფს იმას, რომ პროცესის მიმართ ბევრ ადამიანს აქვს უნდობლობა,“-აცხადებს ნინო დანელია.