საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე, სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატების გასაუბრების პროცესის პირდაპირ ეთერში წარმართვის თაობაზე, კურიერის პირდაპირ ეთერში აფასებს.
პროცედურებთან დაკავშირებით, სალაძე ამბობს, რომ შესაძლებელი იყო, ყოფილიყო უფრო მაღალი სტანდარტი, თუმცა მისი თქმით, შემოთავაზებული პროცედურები და ის სტანდარტები, რასაც სამეურვეო საბჭო საზოგადოებას სთავაზობს, უზრუნველყოფს გამჭვირვალობას.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მაღალი სტანდარტი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ შემოთავაზებული პროცედურების ის სტანდარტი, რასაც სამეურვეო საბჭო ამ შემთხვევაში სთავაზობს საზოგადოებას, მეტი ინფორმაციის მისაღებად, ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობას,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
სალაძის თქმით, მონაწილეები, რომლებიც მეორე ტურში გადავლენ, მეორე არხის პირდაპირ ეთერში, ექნებათ საშუალება, რომ გასცენ მათთვის წინასწარ ცნობილ, სამ კითხავს პასუხი.
„ის, რომ მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრება მოხდება, საზოგადოებრივ მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირი ეთერის საშუალებით, ეს დამატებით აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას, რომ ე.წ. live რეჟიმში მიადევნოს თვალი, როგორ მიმდინარეობს პროცესი, როგორია კანდიდატების მომზადების დონე და ასევე, რა კითხვებს სვამს სამეურვეო საბჭო,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
სალაძე წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სამეურვეო საბჭომ მთლიანობაში უარი არ თქვა დებატების გამართვაზე.