ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაში გადავიდა. პროექტი მრავალპროფილურია - 15 კილომეტრიან მონაკვეთზე, გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის, 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საფეხმავლო ხიდების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და წყალგამტარი მილების მშენებლობა.
სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნენ.
"სამინისტროსთვის პირველი პრიორიტეტია ჩქაროსნული ესტაკადების მშენებლობა. ეს მონაკვეთი არის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ინფრასტრუქტურის. 14 კილომეტრი ბოლო 6-7 თვის განმავლობაში დაიგო, დაახლოებით 9 ხიდი გაკეთდა,“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
შემოვლითი გზის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე დასაქმებულია 360 ადამიანი.