აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ელექტრონულ აუქციონზე იმ ერთადერთი ფსიქიატრიული საავადმყოფოს 100%-იანი წილი გაიტანა, რომელიც აჭარის მთელ რეგიონს ემსახურება.
ტენდერის პირობების თანახმად, საავადმყოფოს მომავალი მფლობელი ვალდებულია კლინიკას პროფილი შეუნარჩუნდეს, თუმცა გასხვისების პროცესი მაინც ხმაურის მიზეზი გახდა.
აუქციონის საწყისი ფასი 100 ათასი ლარია და გამარჯვებული ვალდებული იქნება 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს მიღებულ საკუთრებაში.
აჭარის ფსიქიატრიული საავადმყოფოს გასხვისების ფაქტს ეხმაურებიან ნაციონალურ მოძრაობაში. მიხეილ ბოლქვაძის განცხადებით, აჭარის ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი საწყისი ფასი, არ შეესაბამება ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილ ფასს, თუმცა ფინანსთა მინისტრის აზრით, აუქციონზე ფასი აიწევს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომაზეც გაჟღერდა.
თავდაპირველად აუქციონის პირობით დაწესებულების პროფილის შენარჩუნება მხოლოდ 10 წლის ვადით იყო განსაზღვრული, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის შემდეგ, ვალდებულება 50 წლამდე გაიზარდა.
ავტორი: შოთა დიმიტრიშვილი