06 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში - ოპოზიცია ნეგატიურ შედეგებზე მიუთითებს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის. პროგრამის კორექტირება 2017 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება და შეიცვლება პაციენტების მომსახურების პრინციპი.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებულ ახალ პროგრამას უკვე მოჰყვა ოპოზიციის მწვავე შეფასება, რომელიც იმ ნეგატიურ შედეგებზე საუბრობს, რაც პროგრამის ახალი ვარიანტის ამოქმედებას შეიძლება მოჰყვეს.

ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ცვლილებას პაციენტები ვერ იგრძნობენ. მათი განმარტებით, ადრე ორი დაზღვევიდან უპირატესობა ენიჭებოდა სახელმწიფო დაზღვევას, ანუ პირველად საბიუჯეტო თანხები იხარჯებოდა და კერძო სადაზღვევო კომპანიების დაზღვევა მხოლოდ ამ თანხების ამოწურვის შემდეგ მოქმედებდა, რაც სახელმწიფოს დანახარჯებს კიდევ უფრო ზრდიდა. 2017 წლის განმავლობაში ცვლილების ამოქმედების შემდეგ კი შეიცვლება პრინციპი. ორი დაზღვევის არსებობის შემთხვევაში, პაციენტის მკურნალობის ხარჯები დაიფარება კერძო კომპანიისგან და ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში ჩაერთვება სახელმწიფო დაზღვევა.

ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ინიციატივა კერძო სადაზღვევო კომპანიების პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელის ამოქმედებასაც ჯანდაცვის სამინისტრო უკვე იანვრის ბოლოდან გეგმავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს ეხება. იარსებებს კონკრეტული კრიტერიუმები და მხოლოდ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ხელშეკრულებას კერძო კლინიკასთან გააფორმებს.

ოპოზიციაში თვლიან, რომ ეს ცვლილებაც ბევრ პრობლემას გამოიწვევს. კონკრეტულად კი გაკოტრდება და დაიხურება ბევრი მცირე კლინიკა. 

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები