საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ტური - გადამწყვეტ ეტაპზე გასული 5 კანდიდატი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განვითარების კონცეფციებს პირდაპირ ეთერში აცნობს და კითხვებს პასუხობს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე ხორციელდება.
ამ წუთებში საბჭოს წევრების კითხვებს ზაალ ანჯაფარიძე პასუხობს. კანდიდატმა არსებულ პრობლემებზე და კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ის მთავარ პრიორიტეტად მაუწყებლის საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მუშაობას და საზოგადოების პროცესებში ჩართულობას ასახელებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა.
სამეურვეო საბჭოს წევრებს კანდიდატთან კითხვები პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ჰქონიათ. ეს საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მეორე ტურში გასულ 5 კანდიდატს შორის არიან ისეთებიც, რომელებიც პოლიტიკურად ნეიტრალურები არ არიან.
სწორედ ამიტომ მსგავსი კითხვები კანდიდატებთან გასაუბრების დროს დაისმება.
„ექნება თითოეულ კანდიდატს იმისათვის დრო, რომ თავიანთი ხედვის პრეზენტაცია მოახდინონ და ასევე უპასუხონ იმ კითხვებს, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრებს ექნებათ. ის, რითაც გავაკეთე ჩემი არჩევანი, ეს არის დამოუკიდებლობა კანდიდატების, მათი გამოცდილება და პროფესიული მომზადების დონე,“ - განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრმა სულხან სალაძემ.
სამეურვეო საბჭოს წევრები დღეს სამ კანდიდატს - ზაალ ანჯაფარიძეს, თინათინ ბერძენიშვილს და ნათია კუპრაშვილს შეხვდებიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა.
მსურველთა განცხადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდა, ხოლო კანონით დადგენილი სამი დღის გასვლის შემდეგ, სამეურვეო საბჭომ კანდიდატთა სია გაასაჯაროვა.
კონკურსი ორ ტურად ტარდება, მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა კი 6 იანვარს გაიმართება.