06 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
თინათინ ბერძენიშვილი ამბობს, რომ ერთობლივი ეგზიტპოლის ჩატარების წინააღმდეგი იყო

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სამეურვეო საბჭოს საკუთარი ხედვა გააცნო. მაუწყებლის ხელმძღვანელი პოზიციისთვის გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურის ფარგლებში თინათინ ბერძენიშვილმა ბორდის კითხვებს უპასუხა, მათ შორის პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხზეც.

თინათინ ბერძენიშვილმა კონცეფცია წარადგინა, რის შემდეგაც სამეურვეო საბჭოს წევრებმა დაუსვეს მას კითხვები. ბორდის წევრები დაინტერესდნენ რამდენად შეძლებს თინათინ ბერძენიშვილი უზრუნველყოს არხის დამოუკიდებლობა და დაიცვას საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური ჩარევებისგან.

სწორედ ამ კონტექსტში ბორდის წევრებმა გაიხსენეს ის ეგზიტპოლი, რომელშიც ორ კერძო მაუწყებელთან ერთად, წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მონაწილეობა მიიღო და რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

ამ პერიოდში თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში უკვე საქმიანობდა, შესაბამისად, ბორდის წევრებს აინტერესებდათ კვლავ დაეთანხმება თუ არა მსგავს გადაწყვეტილებას, დირექტორის თანამდებობაზე გამარჯვების შემთხვევაში.

გარდა ამისა, ბორდის წევრები დაინტერესდნენ, რატომ ვერ შეძლო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეიტინგის უზრუნველყოფა.

ბორდის წევრების კითხვების საპასუხოდ თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მაუწყებელში მუშაობისას მასზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა არასდროს ყოფილა.

რაც შეეხება ერთობლივ ეგზიტპოლებს, თინათინ ბერძენიშვილი ამბობს, რომ ის ერთობლივი ეგზიტპოლის ჩატარების წინააღმდეგი იყო.

გარდა ამისა, ბერძენიშვილი თვლის, რომ არსებობს საკანონმდებლო ხარვეზები, რომელიც მისი თქმით, ხელს უშლის ბორდის და მენეჯმენტის კომუნიკაციას. 

დღის ამბები