საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატთა გასაუბრების მეორე ეტაპი დღეს სამმა კანდიდატმა გაიარა. საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნათია კუპრაშვილს მოლოდინი აქვს, რომ ხვალინდელი გასაუბრებაც საკმაოდ კარგად წარიმართება.
მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში გასაუბრების დროს მან წარმოადგინა, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმა.
ნათია კუპრაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარია, არჩეული კანდიდატი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თანამდებობას.
ეკა მიშველაძესთაბ დაკავშირებით მოვლენების განვითარების შეფასებისას აღნიშნა, რომ არ იყო მენეჯმენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს აჩვენებს სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის სისუსტეს.
მან ასევე ისაუბრა რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების თაობაზე.
„ჩვენ არ დაგვიტოვებია არცერთი კრიტიკული ნაბიჯი რუსთავი 2-თან დაკავშირებით გადადგმული და გიდასტურებთ, რომ ეს არის კრიტიკული ნაბიჯები. ან თქვენმა გენერალურმა დირექტორმა თქვას, რომ სარეკლამო გარიგებები იმედთან არ არის მხოლოდ ბიზნეს გარიგება და ამას ახლავს პოლიტიკური საფუძველი. შესაბამისად, მეც გავიმეორებ, რომ პოლიტიკური საფუძველი ახლავს იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს მედიაში. ან უბრალოდ, თუ ეს მხოლოდ ბიზნეს გარიგებაა, სარეკლამო კალათის გაერთიანება რუსთავი 2-ის იმედთან, მაშინ მეც ვიტყვი, რომ ბიზნეს დავასთან გაქვთ საქმე,“ - აცხადებს ნათია კუპრაშვილი.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეიტინგები მნიშვნელოვანია, თუმცა აუცილებელ კრიტერიუმად საზოგადოების მხრიდან ნდობის მოპოვებას ასახელებს.