„გვინდა გავიზარდოთ ჯანსაღ გარემოში“ - ამ ლოზუნგით სუხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები უკვე რამდენიმე თვეა ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, მერიისგან მიიღეს დაპირება, რომ მშენებლობა აღარ გაგრძელდებოდა, თუმცა სამუშაოები ორი დღეა რაც განახლდა.
ვარკეთილის ადგილობრივების განცხადებით, შენობა რეკრეაციულ ზონას საფრთხეს უქმნის.
აქციის მონაწილეებს პარტიზანი მებაღეებიც შეუერთდნენ. ნატა ფერაძემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. მისი თქმით, მშენებლობა უკანონოა, რადგან მას არ ახლავს აბრა, რომელზეც მითითებული უნდა იყოს თუ რა სახის მშენებლობა მიმდინარეობს მოცემულ ადგილზე
„მოსახლეობამ უკვე ისწავლა საკუთარი სივრცეების დაცვა და სამწუხაროდ, ჩვენ ხელისუფლება სხვა გზას არ გვიტოვებს გარდა იმისა, რომ ვისწავლოთ თუ როგორია აქტივიზმი. იმიტომ რომ მერია, როგორც ყოველთვის, უშვებს ბოლს და იტყუება. 17 დეკემბერს შეპირდნენ, რომ მათთან ერთად განიხილავდნენ, რა თქმა უნდა, განხილვა არ მოხდა. პარტიზანი მებაღეები ვუზიარებთ საპროტესტო ფორმების შესაძლებლობებს, თუ როგორ შეიძება იყოს შეჩერებული მშენებლობა და ყველანაირად მხარში ამოვუდგებით, იმიტომ რომ ვარკეთილში ჯერ კიდევ არის შერჩენილი სივრცე, ჯერ კიდევ არის შერჩენილი ჰაერი. დაუშვებელია, რომ მთელი თბილისი ასე ააოხროს ერთმა ტუტუცმა მერმა,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.
ადგილობრივების პროტესტს აქციის მონაწილეებსა და მშენებარე კორპუსის წარმომადგენელს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოჰყვა.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტში კი განმარტავენ, რომ ადგილზე არანაირი კანონდარღვევა არ ფიქსირდება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხვალ, დღის პირველ ნახევარში დედაქალაქის მუნიციპალიტეტში შეხვედრას გეგმავენ.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.