06 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
"ჩვენ ვიქნებით გახსნილი, რომ არა მხოლოდ წარმომადგენლებს, არამედ სხვებსაც მოვუსმინოთ" - ბესელია საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლების ინიციატივა, სამეურვეო საბჭოს უფლება-მოვალეობების შესახებ, საკანონმდებლო ინიციატივის იურიდიულ კომიტეტში განხილვის შემდეგ, გადაწყდა, რომ ინიციატივაზე, იურიდიული კომიტეტის ფარგლებში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, რაიმე პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქნება და ყველა მხარეს მოუსმენენ.

„რომ არ შეიქმნას რაიმე პრობლემა მართვის ან მენეჯმენტის თვალსაზრისით, ასევე არ დარჩეს ეს წინააღმდეგობები, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი კომიტეტში, ჩვენ ვიქნებით გახსნილი, რომ არა მხოლოდ წარმომადგენლებს, არამედ სხვებსაც მოვუსმინოთ. სამეურვეო საბჭო ჩაერთოს, სხვა პირები ჩაერთონ, რომ ვიმუშაოთ იმ შესაძლო ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება შევიდეს მაუწყებლის შესახებ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ინიციატივის შესახებ შეფასება გააკეთა ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემაც. 

„ბევრი ნორმაა, რომელიც ჩვენი აზრით, გადახედვას საჭიროებს, ამიტომ ჩართულობა არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩართულობა ჩვენი, ასევე იმ ადამიანების, ვინც დაინტერესებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ობიექტურობით, იქნება ყველაზე პროდუქტიული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე დავდებთ შედეგს, რაც ასახული იქნება ამ ნორმების დახვეწაში,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს შორის უფლება-მოვალეობების მკვეთრ გამიჯვნას. საინიციატივო ჯგუფის წევრები სწორედ ამ მიმართულებით ითხოვდნენ მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას.

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი 

დღის ამბები