ბოლო დროს მომხმარებული ბუნებრივი აირის ქვითრებში განსაკუთრებულად მაღალი გადასახადის გამო საზოგადოების უკმაყოფილებას ენერგეტიკის სამინისტრო ეხმაურება. უწყებაში ამ თემაზე სულ ცოტა ხნის წინ პირველი განცხადება გაკეთდა.
ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ბუნებრივ აირზე მეტი გადასახადის გადახდა ზამთრის ცივ დღეებს უკავშირდება და ქვითრებში ასახულ გაორმაგებულ გადასახადებს სხვა მიზეზები არ აქვს.
კახი კალაძის თქმით, ბუნებრივი აირის მოხმარება არის გაზრდილი.
კახი კალაძემ დღეს შეხვედრა გამართა ყაზტრანსგაზისა და გაზის ტრანსპორტირების წარმომადგენლებთან. ენერგეტიკის მინისტრმა არსებულ მდგომარეობაზე ანგარიში მოისმინა.
„ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, არასწორი გადასახადების გადახდა უწევთ ბუნებრივ აირზე, ეს ასე ნამდვილად არ არის,“- განაცხადა კახი კალაძემ.
ყაზტრანსგაზის წარმომადგენელი ამბობს, რომ 2016 წლის დეკემბრის თვეში, ნოემბერთან შედარებთ გაზის მოხმარება 49%-ით გაიზარდა.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსახლეობას მიეწოდება ბუნებრივი აირი, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.
ავტორი: შოთა კიკნაძე.