საკრებულოს დეპუტატები და მესამე სექტორი მერის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში მასშტაბური მშენებლობები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. გადაწყვეტილებებს მერია და მის დაქვემდებარებაში არსებული ზონალური საბჭო იღებს.
ურბანისტების და არქიტექტორების ნაწილი საბჭოს გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს, რადგან მათი თქმით, ხშირ შემთხვევაში ის გარიგებისა და კორუფციის წყაროა.
ალეკო ელისაშვილის მიერ დაანონსდა, რომ ზონალური საბჭოს გაუქმების შესახებ ინიციატივას უახლოეს მომავალში სავარაუდოდ საკრებულოც განიხილავს. ამის წინაპირობა კი მერიის აუდიტის სამსახურის მიერ ერთ-ერთ დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით სავარაუდო კანონდარღვევის დადგენა გახდა.
ელისაშვილის ამ ინიციატივას საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების ნაწილი სავარაუდოდ არ შეუერთდება.
ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ საბჭოს გაუქმების ნაცვლად, მისი დაკომპლექტება სხვა წევრებით უნდა მოხდეს. მმართველი გუნდი კი საბჭოს არც შემადგენლობის გადახედვას და არც გაუქმებას გეგმავს.
სულხან ცინცაძის ქუჩაზე დაგეგმილი მშენებლობისთვის საჭირო სავარაუდოდ უკანონოდ გაცემული ნებართვა, რომელიც არ არის გამორიცხული კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის მიზეზი გახდეს, გუშინ გასაჯაროვდა.
ავტორი: ეკო მაღრაძე.