06 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ფარული კადრების გავრცელება - 9 თვიან ვადაში პროკურატურამ საქმის არსებითი განხილვა ვერ დაასრულა

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების ხმაურიანი დაკავებიდან 9 თვის შემდეგ, სამი ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალების უკანონო გადაღება-მოპოვების საქმის არსებითი განხილვა პროკურატურამ კანონით დადგენილ ვადაში ვერ დაასრულა.

რევაზ შიუკაშვილის მსგავსად, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ბრალი არცერთს არ უღიარებია. სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ ირაკლი ყიფშიძე და გიგლა შიოლაშვილი. ერთადერთი, ვინც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულება ვერ დატოვა, კუდ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილია, ის სხვა საქმეზეა მსჯავრდებული.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები პროკურატურამ 2016 წლის მარტში იმ დროს დააკავა, როდესაც დღემდე, სავარაუდოდ გამოძიებისთვისაც დაუდგენელმა პირებმა, პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გაავრცელეს.

გამოძიების მტკიცებით, ფარული ვიდეოები სწორედ კუდ-ის მაღალჩინოსნებმა უკანონოდ გადაიღეს, თუმცა მათ ფარული მასალების გავრცელებისთვის ბრალი ვერ წარუდგინეს.

ბრალდებულების გათავისუფლებაზე სრულ პასუხისმგებლობას პროკურატურას აკისრებენ ის ადამიანები, რომლებსაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ.

ფარული მასალების მოპოვება შენახვის საქმე 2 ნაწილად იხილება. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების გარდა, ვიდეოების მოპოვება-შენახვისთვის პროკურატურამ სხვა პირებიც დააკავა. რამდენიმე კვირის წინ, ბრალდებამ ვერც ამ საქმის არსებითი განხილვა დაასრულა და დარბაზიდან სხვა ბრალდებულები გათავისუფლდნენ. მათ შორის ვასილ ჯამალაშვილი და გელა ღურცკაია, რომელმაც პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი, გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქციაში მიიტანა.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი 

დღის ამბები