06 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
შემცირებული დაფინანსება - რამდენიმე საავადმყოფო იძულებულია მომსახურეობის გაწევაზე უარი თქვას

ღუდუშაურის საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილებაში სამი იანვრის შემდეგ პაციენტების მიღება აღარ ხდება. დაწესებულებას დაფინანსება იმდენად შეუმცირეს, რომ კლინიკა ფსიქიატრიული პაციენტებისთვის მომსახურეობის გაწევას ვეღარ ახერხებს. ამ დრომდე გაურკვეველია რა ბედი ელის სახლში გაშვებულ პაციენტებს.

პაციენტების შემდეგ, ღუდუშაურის ფსიქიატრიული განყოფილების ადმინისტრაციას სახლში თანამშრომლების გაშვებაც მოუწევს. მხოლოდ ამ კლინიკაში 35-მა ადამიანმა ამ დრომდე არ იცის პაციენტების მიღების შეწყვეტის შემდეგ, მისცემენ თუ არა ხელფასს. მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ მათთვის წინასწარ არავის უცნობებია.

მუშაობა ჯერ არ შეუჩერებია მეხუთე საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებას. თუმცა, არც ამ კლინიკაში იციან, როდემდე შეძლებენ პაციენტებისთვის მომსახურების გაწევას. შემცირებული დაფინანსების გამო, კლინიკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მინიმალური მომსახურების გაწევასაც ვერ შეძლებენ, დახურვის საფრთხის წინაშე კი ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარიც დგება, რომელსაც ანალოგი საქართველოში არ აქვს. ამ დაწესებულებაში კი მკურნალობას ბოლო მონაცემებით, ფსიქიკური პრობლემების მქონე ათზე მეტი მოზარდი გადის.

დაფინანსების წესი რომ ნამდვილად შეიცვალა, ადასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროში. დავით სერგეენკოს უწყებაში ამბობენ, რომ მთავრობის ახალი დადგენილების მიუხედავად, მცირე საწოლიან, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე სტაციონარებს მუშაობის პრობლემა არ შეექმნება.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

დღის ამბები