უკვე ერთი საათია რესპუბლიკურ საავადმყოფოში რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
„ნიკა გვარამიას მდგომარეობა სტაბილურია. კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გამოძახებული არიან კონსულტანტები. საბოლოო დიაგნოზი ჯერჯერობით დასმული არ არის. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - განუცხადა რუსთავი 2-ს რესპუბლიკურის საავადმყოფოს ექიმმა რეანიმატოლოგმა ხათუნა მარგველაშვილმა.
ნიკა გვარამიასთან ერთად გამოკვლევაზე იმყოფება რეჟისორი დავით დოიაშვილიც,რომელიც გვარამიაზე თავდასხმისას, მასთან ერთად იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმა რესტორან დაინინგ რუმში მოხდა. მისი თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
ცოტა ხნის წინ რატი გაჩეჩილაძე პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს. ლევან გაჩეჩილაძის შვილმა ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია და აღიარა, რომ გვარამიას თავს დაესხა.
თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვეს ნიკა გვარამიას მეგობრებმა, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ისინი რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმას შეესწრნენ.