ნაციონალური მოძრაობის წევრები რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე მომხდარ თავდასხმას ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის არსებობას უკავშირებენ. პარტიის წევრების თქმით, პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების ფიზიკური შეურაცხოფა არაერთხელ მომხდარა, თუმცა არც ერთი დამნაშავე შესაბამისად არ დასჯილა.
„თავდასხმა რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე არის ძალიან საგანგაშო მოვლენა. ეს ძალადობის გამოვლენის პირველი ფაქტი არ არის და ზოგადად ჩვენ ვხედავთ, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ძალადობა კრიტიკულად განწყობილი ადამიანის მიმართ წაქეზებულიც არის ხოლმე ხელისუფლების მხრიდან. მარგამ ამ ძალადობას თან ახლდა დეკლარირებული, პირდაპირ გაკეთებული განცხადება, რომ საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური საქმიანობის გამო გაუსწორდნენ ნიკა გვარამიას. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ სახელმწიფო, აქ აღარ არის საუბარი უკვე დემოკრატიულ სახელმწიფოზე, ასეთი ტიპის დანაშაულისთვის კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ეს ადამიანი. იმიტომ რომ ეს არ ეხება უბრალოდ ცალკე აღებულ ნიკა გვარამიას, ეს ეხება ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც შეიძლება ხვალ გახდეს ვიღაცის გულისრევის თუ გაღიზიანების მსხვერპლი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.