რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი გაჩეჩილაძეებს ურჩევს ადვოკატი გამოცვალონ, რადგან გვარამიას თქმით ყველაფერი, რასაც ის ამბობს, სწორედ მათ წინააღმდეგ შიძლება იყოს გამოყენებული.
გვარამიას აზრით ვიღაცას შესაძლოა ბოღმა ჰქონდეს, თუმცა ის ასეთ ფორმებში არ უნდა გადაიზარდოს.
„გაჩეჩილაძის ადვოკატს შემიძლია შევთავაზო, მოვიდეს და რამდენიმეჯერ წამოვარტყამ, თუ ეს არფერს არ ნიშნავს და დამაჯარიმებენ ადმინისტრაციულად. რა თქმა უნდა, ამას არ ვიზამ. გაჩეჩილაძეებს ვურჩევ ადვოკატი გამოცვალონ, იმიტომ რომ ყველაფერი, რასაც ეს ადვოკატი ლაპარაკობს, არის მათ წინააღმდეგ მიმართული. ყველაფერს, რასაც ეს ქალბატონი ლაპარაკობს, იმის მანიშნებელია, რომ ადგილი აქვს სიძულვილის დანაშაულს, რაც თავისი შინაარსით არის მძიმე დანაშაული. როდესაც ვსაუბრობ კვალიფიკაციის შეცვლაზე, ვსაუბრობ იქიდან გამომდინარე, რასაც ბრალდებული და ადვოკატი საუბრობენ საჯაროდ. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ეს კვალიფიკაცია, რომელიც ახლა არის საქმეში, არის მსუბუქი და არაადექვატური. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჩემ მიმართ ბოღმა, არავითარი პრობლემა არ არის, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ შეურაცხყოფაში. მითუმეტეს ისეთ მუხანათურ და სამარცხვინო ფორმებში, როგორითაც ეს გაჩეჩილაძემ ჩაიდინა, სიბნელეში უკნიდან მიპარვით და თავში ჩარტყმით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მასზე განხორციელებულ თავდასხმას "სამარცხვინოს და საზოგადოებისთვის საშიშის" უწოდებს.
ნიკა გვარამია იტოვებს უფლებას, რომ გააკრიტიკოს, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. იგი აცხადებს, რომ არ მოიქცევა ისე „თავხედურად და არაკვალიფიციურად“, როგორც ეს უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
ავტორი: ანა წერეთელი.