საქართველო შესაძლოა, გაზპრომთან დათმობებზე წავიდეს - არ არის გამორიცხული, ოფიციალური თბილისი გაზპრომის კონკრეტულ შეთავაზებასაც დათანხმდეს, რომელიც სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოსთვის ფულად ანაზღაურებას გულისხმობს.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ახალი ხელშეკრულების პირობების დასადგენად გაზპრომთან მოლაპარაკებები რთული პროცესი იქნება. მათივე ინფორმაციით, რუსეთი მომავალ წელს იგივე ცვლილებებს ითხოვს, რასაც შარშან ითხოვდა. გაზპრომი საქართველოს სომხეთისკენ მიმავალი გაზის სანაცვლოდ, თანხის გადახდას სთავაზობს, რაც ექსპერტების თქმით, ძალიან მცირე იქნება.
გაზის სანაცვლოდ თანხის მიღების შემთხვევაში, სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო გაცილებით ნაკლებ სარგებელს ნახავს. შესაბამისად არ გამორიცხავენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ ტარიფის საფასური მნიშვნელოვნად გაზარდოს.
ოპოზიცია ხელისუფლებას ურჩევს, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები ქვეყნის ინტერესების მაქსიმალური დაცვით გამართოს. მმართველი პოლიტიკური ძალა კი 2017 წლისთვის ახალ ხელშეკრულებაში ცვლილებებს არ ელოდება.
ენერგეტიკის სამინისტროში ამ საკითხზე დღეს განმარტება არ გაკეთებულა. რამდენიმე დღის წინ კი კახი კალაძემ განაცხადა, რომ ახალი კონტრაქტის პირობებში ქართულ მხარეს მაქსიმალური შედეგის მიღწევა სურს.
ავტორი: ეკო მაღრაძე, ნინო სამყურაშვილი.