06 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში შესაძლოა საკადრო ცვლილებები განხორციელდეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელის პირველი გადაწყვეტილებით, არხზე საკადრო ცვლილებები იწყება.

როგორც მოსალოდნელი იყო მაუწყებელზე GDS-ის არაერთი სახე გადაინაცვლებს. ინფორმაცია პირველმა რადიომ და შემდგომში ექსპრესნიუსმა გაავრცელა.

მაუწყებელში დაწყებულ საკადრო ცვლილებებს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამ ეტაპზე კურიერთან არ ადასტურებს. მედიის კითხვებისთვის დღეს არც ვასილ მაღლაფერიძეს უპასუხია, თუმცა გენერალურ დირექტორად არჩევიდან მალევე მან არ გამორიცხა, რომ საკადრო ცვლილებების ფარგლებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობა კერძო ტელევიზიების, მათ შორის GDS-ის ჟურნალისტებსაც შესთავაზებს.

GDS-ის მოქმედი თანამშრომლები საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადასვლას არ ადასტურებენ, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში წინადადების განხილვას გეგმავენ.

ტელეკომპანია მაესტრო მედიაჰოლდინგ იმედის საკუთრებაში შედის, ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

დღის ამბები