საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, რომელიც პროსტიტუციას და მამაკაცთა დისკრიმინაციას ერთდროულად ეხებოდა, უკვე მოყვა გამოხმაურება მესამე სექტორში.
არასამთავრობოები ამბობენ, რომ მთავრობის მეთაურმა, ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში პირველად წამოჭრა დისკრიმინაციის თემა და ისიც ნაციონალისტურ-პატრიარქატულ-ულტრა მასკულინურ ჭრილში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი აცხადებს, რომ დღევანდელმა განცხადებამ, კვირიკაშვილის იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა.
„როდესაც კვირიკაშვილს თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები არასდროს გაუკეთებია და მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონის გაძლიერების ან მისი ეფექტურად გამოყენების კუთხით მთავრობას ბევრი არაფერი აქვს გაკეთებული, პირველად დისკრიმინაციული საკითხების საჯარო დისკურსში სწორედ ასეთ შემოყვანა ნაციონალისტური და პატრიარქატული, ულტრამასკულინური პერსპექტივით, რა თქმა უდნა არის პრობლემური.
"ალბათ ეს იყო ელექტორალური გათვლა და დღის წესრიგის გადაფარვის მცდელობა, თუმცა ცხადია მისი იმიჯი, რომელიც აქამდე უფრო მეტად ზომიერი და გონიერი პოლიტიკოსის იმიჯში ისახებოდა, სერიოზულად დააზიანა,“-განაცხადა თამთა მიქელაძემ.
იურისტი ბაია პატარაია კი პრემიერსა და მთავრობას ქვეყანაში არსებულ დისკრიმინაციულ ჯგუფებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ისინი ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემებს ქმნიან, ვიდრე ქართველი მამაკაცების ბორდელში შეშვებაა.
„თუ ასეთი პრობლემა არსებობს, რომ ეთნიკური ნიშნის გამო რომელიმე კლუბი ვიღაცას არ უშვებს თავის ტერიტორიაზე, ეს დარეგულირებულია ჩვენი კანონმდებლობით და ამაზე შეიძლება სამოქალაქო დავის წარმოება. ოღონდ ჩემი აზრით, ამაზე არ უნდა ცდებოდეს არც პოლიცია და მით უმეტეს პრემიერ-მინისტრი. ისეთ პრობლემურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოს, სადაც უამრავი პრობლემაა, სიღარიბეა და უამრავი დისკრიმინაციული ჯგუფი არსებობს საქართველოში, იმ ქართველი კაცების გარდა რომელსაც ბორდელში არ უშვებენ,“-აცხადებს პატარაია.